„საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციამ“ მიმდინარე წლის 21 მარტს, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი (SPA180003046), სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში გაასაჩივრა. საჩივრის მიზეზი გახდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები, კერძოდ ის, რომ მათ არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის დადგენილება #41-ის მოთხოვნები და სახანძრო სისტემის მომსახურების შერჩევის დროს, არ მოითხოვა შესაბამისი სერთიფიკატები.
სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭომ, მისაღებად სცნო ასოციაციის საჩივარი და 2018 წლის 29 მარტს, გაიმართა დავების საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრო ჩვენი ასოციაციის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
დავების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 10 სამუშაო დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, აუცილებლად გაცნობებთ.
და ბოლოს, ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იქიდან გამომდინარე რომ #41 დადგენილება გადამისამართებულია NFPA ნორმებზე, NFPA კი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ეს ფაქტი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ყველა კანონის მომხმარებლისთვის. ჩვენი ორგანიზაცია ამ პრობლემას კარგად იცნობს და ვაპირებთ მასზე მუშაობას. ამ პროცესში ყველას ხელშეწყობა დაგვჭირდება, მოხდება ნორმების თარგმნა თუ რაიმე სხვა გამოსავალის გამოძებნა.