საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა

10 მაისი, 2018

მკაცრდება სახანძრო უსაფრთხოების წესები და იზრდება იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებიც დაექვემდებარებიან სახანძრო ზედამხედველობას. 

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, რის შესახებაც, საქართველოს მთავრობამ შესამაბისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კერძოდ, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. 

სახანძრო ზედამხედველობას დაექვემდებარება შემდეგი შენობა-ნაგებობები:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები;

ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები;

დ) 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ე) ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ვ) მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები,  ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმრო), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების  ობიექტის (რესტორანი) შენობა-ნაგებობები;

ზ) 2000 მ2 და მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია;

თ) სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები;

ი) 500 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), თბო- და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები;

კ) 1000 მ2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები;

ლ) მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე, ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს;

მ) სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).