„უსაფრთხო სკოლები ბავშვებს“

16 ივლისი, 2018

„საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია“იწყებს ფართომაშტაბიან კამპანიას, სახელწოდებით „უსაფრთხო სკოლები ბავშვებს“.

უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საკმარისად დაიწვა და განადგურდა მილიონობით ლარის ქონება სახანძრო წესების უგულებელყოფის გამო.

სახანძრო უსაფრთხოებას,წლების განმავლობაში, არ ექცეოდა სათანადო ყურადღება, შენობების უმრავლესობა საგანგაშო მდგომარეობაშია ამ მხრივ, მაგრამ დაგვეთანხმებით, პრიორიტეტი არის ჩვენი მომავალი თაობა.

რა ხდება ამ მხრივ სკოლებში, სადაც ჩვენი შვილები ატარებენ დღის არც თუ ისე პატარა მონაკვეთს? არის კი უსაფრთხო ჩვენი სკოლები? უნდა ვიყოთ თუ არა ჩვენ წყნარად და ვგრძნობდეთ თავს დაცულად, როდესაც ჩვენ შვილებს სკოლებში ვუშვებთ? საკმარისად ზრუნავს სკოლებში უსაფრთხოებაზე სახელმწიფო, კერძოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური?

სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება ჩვენი კამპანია და ვგეგმავთ შევამოწმოთ თბილისის სკოლებში არსებული მდგომარეობა და საჯაროდ დავდოთ ინფორმაცია, თუ რომელი სკოლა შეხვდება დაუცველი ახალ სასწავლო წელს, რომელ სკოლები შემოწმდა და დაჯარიმდა, ვინ გამოასწორა და ვინ საერთოდ არ იზრუნა ამ კუთხით.

გამოვითხოვთ და მოგაწვდით კონკრეტული სკოლების დასახელებას, მისამართებს, სკოლის დირექტორების გვარებს და სახელებს, სადაც უხეშად არღვევენ კანონს და არ ფიქრობენ ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ, გაუშვათ თუ არა ასეთ სკოლებში ჩვენი ბავშვები?

ქვევით მოცემულია ის მინიმუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლების სახანძრო უსაფღთხოება და რის მონიოტორინგსაც ვგეგმავთ:

1.  სკოლებში  უნდა იყოს დამონტაჟებული ხანძრის აღმოჩენის ავტომატური სიგნალიზაცია (კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ , „სახანძროუსაფრთხოებისწესების და პირობების შესახებ“  ტექნიკური რეგლამენტის   მუხლი 11, პუნქტი 3-ის, N 5 წესების კრებულის ცხრილი A-1-ის პუნქტი 9-ს მოთხოვნების მიხედვით)

2.  სკოლებში  უნდა იყოს შემუშავებული და თვალსაჩინო ადგილებში გამოკრული ევაკუაციის გეგმები.

3.  საევაკუაციო გზები და გასასვლელები უნდა იმყოფებოდნენ თავისუფალ და გამართულ მდგომარეობაში.

4.  სკოლებში უნდა იყოს შემუშავებული სათანადო სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქციები, რომელთაც სავალდებულოდ უნდა ეცნობოდეს პერსონალი.

5.  სკოლებში აუცილებელია ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებების ნორმით დადგენილი რაოდენობით არსებობა და ცეცხლმაქრების პერიოდული დათვალიერება, მათი ვარგისიანობის შემოწმების მიზნით.

6.  პერსონალს, ვინც დანიშნულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად, უნდა ჰქონდეთ გავლილი ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სერთიფიკატებით ან დოკუმენტაციით.