რატომ არ შეიძლება ცეცხლმაქრის თავდაყირა პოზიციაში გამოყენება

ცეცხლის ქრობის დროს აუცილებელია პორტატული ცეცხლმაქრების სწორ პოზიციაში დაკავება. სამწუხაროდ, ადგილი აქვს შემთხვევებს როდესაც ორგანიზაციებს მომარაგებული აქვთ საჭირო ტიპის და რაოდენობის ცეცხლმაქრები, მაგრამ როდესაც მათი გამოყენების დრო დგება, მომსახურე პერსონალი ვერ ახერხებს მათ გამოყენებას ვინაიდან არ იცის და არ ეცნობა გამოყენების ინსტრუქციებს. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ცეცხლმაქრს იჭერენ უკუღმა, რაც იწვევს მათ მწყობრიდან გამოსვლას.

ცეცხლმაქრის მოქმედება დაფუძნებულია ცეცხლმაქრი ფხვნილის, ქაფის, აირის (რომელიც თხევად მდგომარეობაში იმყოფება წნევის ქვეშ) გამოდევნაზე ჭარბი წნევის მოქმედების ქვეშ, რომელიც წარმოიქმნება მუშა აირის მიერ მას შემდეგ რაც ავწევთ გაშვების სახელურს.

პორტატული ცეცხლმაქრების ძირითადი კომპონენტებია კორპუსი, გამშვები ბერკეტი, სარქველი, ცეცხლმაქრი ნივთიერების გამშვები მილი, მანომეტრი. კორპუსის შიგნით სივრცე უკავია ცეცხლმაქრ ნივთიერებას გარკვეულ დონემდე და დანარჩენი სივრცე დათმობილია მუშა აირისათვის. ცეცხლმაქრის ყელიდან კორპუსის შიგნით ვერტიკალურად ჩამაგრებულია ცეცხლსაქრობი ნივთიერების გამშვები მილი, რომელიც კორპუსის შიგნით ღია მდგომარეობაშია, კორპუსის ყელთან  დაკეტილია და მხოლოდ  გამშვები ბერკეტის საშუალებით იხსნება.

მუშა აირად გამოიყენება ნახშირორჟანგი, აზოტი და შეჭირხნული ჰაერი. ამ აირებს შორის უპირატესობა ენიჭება აზოტს მასში წყლის დაბალი შემცველობის გამო.

იმისთვის რომ ცეცხლმაქრი მუშა მდგომარეობაში მოვიყვანოთ საჭიროა:

1.  გამოვწიოთ სარქველი.

2.  გაშვების ბერკეტი ავწიოთ (რაც პარალელურად გამოიწვევს აირის წყაროს ამოქმედებას, რის შედეგადაც მუშა აირი ცეცხლმაქრის კორპუსში ქმნის საჭირო ჭარბ წნევას რაც 12-18 ატმოსფეროს შორის მერყეობს სხვადასხვა ტიპის ცეცხლმაქრებისთვის).

3.  სარქველის სახელურს დავაწვეთ ხელით.

რა ხდება როდესაც ცეცხლმაქრს ვიჭერთ თავდაყირა პოზიციაში?


ამ დროს ჭარბი წნევის მქონე მუშა აირი დაიკავებს ბალონის კორპუსის ზედა ნაწილში სივრცეს, მხოლოდ ერთი განსხვავებით - ამ შემთხვევაში ცეცხლსაქრობი ნივთიერების გამტარი მილის ღია მხარე სწორედ მუშა აირის მიერ დაკავებულ მოცულობაში მოხვდება. ამის შედეგად, როდესაც ცეცხლმაქრის ამოქმედებას ვცდით, პირველი რაც გამოიდევნება ცეცხლმაქრიდან იქნება მუშა აირი, რასაც მოყვება ჭარბი წნევის კარგვა. შედეგად კორპუსში აღარ დარჩება მუშა აირის ის რაოდენობა, რომელიც წნევას წარმოქმნის და ვერც სწორ პოზიციაში მისი გადმობრუნებით ვეღარ მოვახერხებთ ცეცხლმაქრის ამოქმედებას.