ხანძართან ბრძოლის ისტორია

პირველი სახანძრო ბრიგადა

ხანძართან საბრძოლველად პირველი ორგანიზებული დანაყოფი, რომელიც ისტორიას შემორჩა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიქმნა რომში. მარკუს ლიცინიუს კრასუსმა ძვ.წ 115 წელს ჩამოაყალიბა 500 კაციანი ბრიგადა, რომლებიც ხანძრის ჩასაქრობად საჭირო, იმ დროს არსებული საშუალებებით შეიარაღებულნი, მიისწრაფვოდნენ ხანძრის კერისაკენ. ხანძართან მისვლის შემდეგ მარკუს ლიცინიუს კრასუსი ცეცხლმოდებული ობიექტის მფლობელს სთავაზობდა ხანძარქრობის სერვისს და ადგილზე უთანხმდებოდა ფასზე. 

თუ ფასზე შეთანხმდებოდნენ  ბრიგადა იწყებდა ხანძრის ჩაქრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში უყურებდნენ როგორ დაიწვებოდა შენობა.


ძვ.წ 60 წელს უკვე იმპერატორი ნერონი იღებს ძირითად იდეას კრასუსისგან და აყალიბებს ბრიგადას „ვიგილეს“, რომელიც  პატრულირებდა ქუჩებში და ითავსებდა, როგორც პოლიციის ისე სახანძრო დანაყოფის მოვალეობებს. ხანძრის დროს ბრიგადის წევრები, ასობით კაცი, ქმნიდა ცოცხალ რიგს ალმოდებულ შენობასა და უახლოეს წყლის რეზერვს შორის და ხელიდან ხელში გადადიოდა წყლით სავსე სათლები წყლის რეზერვიდან ობიექტამდე.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე დაიწყეს ზრუნვა სახანძრო უსაფრთხოებაზე ეს სფერო კიდევ საუკუნეების განმავლობაში იყო მივიწყებული, ძირითადი ძვრები სახანძრო სფეროში მოხდა მე-17 საუკუნეში მნიშვნელოვანი, დიდი ზარალის გამომწვევი ხანძრების შემდეგ.

საფრანგეთი :

1254  წელს საფრანგეთის მეფემ გამოსცა ბრძანება, რომლიც მიხედვითაც შეიქმნა კერძო დარაჯების ინსტიტუტი, რაც გულისხმობდა, რომ პარიზის მოსახლეობას უფლება ჰქონდა დაექირავებინა დარაჯი, რომელიც დაიცავდა მას როგორც კრიმინალისაგან, ისე ხანძრისაგან. ამასთან მეფეს ცალკე დარაჯები ჰყავდა იმავე მიზნისათვის.  ასწლოვანი ომის შემდეგ, პარიზის მოსახლეობა საკმაოდ გაფართოვდა და მე-16 საუკუნეში ადგილი ჰქონდა რამდენიმე მასშტაბურ ხანძარსაც. ხანძრების ზომის და რაოდენობის ზრდამ მიიყვანა საფრანგეთის მეფე გადაწყვეტილებამდე, რომ აეკრძალა კერძო დარაჯები და მეფის სამსახურში მყოფ ხალხს ეზრუნა, როგორც კრიმინალის ისე ხანძრების აღკვეთაზე.  რაც ორგანიზებული სახანძრო დანაყოფის პირველი ჩანასახი იყო.

ინგლისი :

798,  982, 989, 1212  და 1666  წლებში ლონდონი მასშტაბური ხანძრების შედეგად დაიწვა. 1666 წელს (ლონდონის დიდი ხანძარის შედეგად) დაიწვა 5 კმ^2 ფართობი და ათობით ათასი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ამ პერიოდისათვის ქალაქში არ იყო ორგანიზებული სახანძრო დანაყოფი, რომ დაეცვათ ქალაქი ან კონკრეტული ობიექტები მსგავსი ხანძრებისაგან. ამ შემთხვევის შემდეგ სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს კერძო ბრიგადების შექმნა, რომ დაეცვათ მათ მიერ დაზღვეული ობიექტები. ბრიგადებს ჩაბარებული ჰქონდათ კონკრეტული შენობები, რომლებიც უნდა დაეცვათ ხანრისაგან.

ა.შ.შ :

ა.შ.შ - ში სახანძრო უსაფრთხოებაზე ზრუნვა მე-17 საუკუნეში აქტიურდება.  1631 წელს ბოსტონის მმართველი ჯონ ვინთროპი კრძალავს ხის საკვამურის და ჩალის სახურავების გამოყენებას. 1648 წელს ახალ ამსტერდამში ინიშნება 4 ზედამხედველი, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ საკვამურების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებაზე.

მოგვიანებით მოსახლეობამ დანიშნა 8 გამოჩენილი მოქალაქე ქალაქის ზედამხედველებად - ეს პიროვნებები პატრულირებდნენ ქუჩებში ხის ინსტრუმენტებით  და ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობის ყურადღების მისაპყრობად და ხანძრის ჩასაქრობისათვის ხალხის შესაგროვებლად აჩხრიალებდნენ ამ ინსტრუმენტებს.

ა.შ.შ - ს არ ჰყოლია მთავრობას დაქვემდებარებული სახანძრო დანაყოფი სამოქალაქო ომის პერიოდამდე.  ინგლისის მსგავსად ამერიკაშიც სადაზღვევო კომპანიები ქმნიდნენ კერძო ბრიგადებს, რომლებსაც ევალებოდათ, რომ ხანძრისაგან დაეცვათ მათ მიერ დაზღვეული ობიექტები.  პირველი ოფიციალური სახანძრო დანაყოფი შეიქმნა 1853 წლის აპრილში, ოჰაიოს შტატში.

საქართველო :

საქართველოს სახანძრო სამსახურსაცსაინტერესო ისტორია აქვს.

პირველი ორგანიზებული სახანძრო სამსახური XIX საუკუნეში შეიქმნა. პირველ მეხანძრეებად ყარაჩოღელებს მოიხსენიებენ, რომლებიც ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში მიისწრაფვოდნენ კერისაკენ და თავისი ძალებით ცდილობდნენ ხანძართან გამკლავებას. თბილისის მაშინდელმა მცხოვრებლებმა ყარაჩოხელებს „ხანძარჩი” შეარქვეს, რაც თურქული სიტყვაა და ქართულად, ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავს. მე-19 საუკუნეში მომძლავრებულმა ხანძრებმა მოიტანა შედეგად 1825 წელს სახანძრო რაზმის ჩამოყალიბება, რომელშიც თავდაპირველად 25 კაცი შედიოდა.

მეხანძრეები ხანძრის ადგილამდე ცხენშებმული ეტლებით მიდიოდნენ და ცალკე ეტლებით მიჰქონდათ წყლის საქაჩი მოწყობილობა და წყლის რეზერვუარები - 30ლ მოცულობის. 

საინტერესო იყო ხანძრის აღმოჩენის და მეხანძრეების ინფორმირების სისტემა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში იყო აღმართული კოშკები, რომლიდანაც ქალაქის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის და სხვა კოშკების დანახვა იყო შესაძლებელი. თითოეულ კოშკზე მორიგეობდა მეხანძრე, რომელიც მიმდინარე ტერიტორიაზე ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში კოშკიდან აჩვენებდა ნიშანს ამ რაიონში ხანძრის შესახებ. დღის განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა ფერის ბურთებს სხვადასხვა უბნებში ხანძრის აღსანიშნად, ხოლო ღამე იყენებნენ ფარნებს, რომელთა რაოდენობა განსხვავებულია სხვადასხვა უბანში. ასევე ცეცხლის გაჩენის მომენტიდან დაწესებული იყო საეკლესიო ზარების რეკვა და საგანგებო ადგილზე დაწესებული იყო სადღეღამისო მორიგეობა.